დავით შავლიაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. EIB საქართველოს, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, დაეხმარება ყველა მიმართულებით, რომელიც ქვეყანის ევროსტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ორგანიზაცია საქართველოში რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებით დაინტერესდა, მათ შორის: ტურისტულ ზონებში უსაფრთხოების ზომების დანერგვით, ქუთაისის წყალმომარაგების პროექტითა და ჩქაროსნული E60 ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის მშენებლობით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა EIB-სთან მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერ ურთიერთობას გაუსვა ხაზი. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ევროპის საინვესტიციო ბანკი თბილისში ოფისის გახსნას გეგმავს, რათა ქართულ მხარესთან თანამშრომლობა უფრო კოორდინირებული გახდეს. შეხვედრის დასასრულს, EIB-მ სამინისტროს წარმომადგენლები მიიწვია სომხეთში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომლის თემატიკაც წყალმომარაგებას მიეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები