გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, კანონდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე დასამუშავებლად სახერხ საამქროში სატვირთო ავტომობილით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სატვირთო ავტომობილი დაილუქა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია და გამოვლენა მთავარი პრიორიტეტია.
“რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია და გამოვლენა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია”, – აღნიშნა კახა ცერცვაძემ.