მიხეილ სარჯველაძე: ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორში არიან დღეს დასაქმებულები, სინამდვილეში პოლიტიკურ საქმეს აღასრულებენ, არადა ნეიტრალურები უნდა იყვნენ
“ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორში არიან დღეს დასაქმებულები, სინამდვილეში ისინი პოლიტიკურ საქმეს აღასრულებენ, არადა ნეიტრალურები უნდა იყვნენ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დისკუსიებში რომ მონაწილეობდეს გულწრფელი, ნამდვილი, თუნდაც ყველაზე კრიტიკული სამოქალაქო სექტორი, ამას არაფერი აჯობებდა.
„სამოქალაქო საზოგადოება უნდა განვაცალკეოთ არასამთავრობო სექტორისგან. სამოქალაქო სექტორი ბევრად უფრო ვრცელია და მოიაზრებს აკადემიურ და პროფესიულ წრეებსაც. მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სექტორი ჩართული იყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. როდესაც ვამბობთ, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულად კრიტიკული უნდა იყოს, ამ საგნობრივ დისკუსიაში მთავარი არბიტრის როლი უნდა შეასრულოს ნეიტრალურმა სამოქალაქო საზოგადოებამ. მან უნდა აჩვენოს მთელ საზოგადოებას, ვინ იყო მართალი და ვინ ცდებოდა. ამის ნაცვლად ავანსცენაზე გამოსულია სექტორი, არამედ ამ სტატუსით გვევლინება ოპოზიცია. ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორში არიან დღეს დასაქმებულები, სინამდვილეში ისინი პოლიტიკურ საქმეს აღასრულებენ, არადა ნეიტრალურები უნდა იყვნენ. მაგალითად, პოლიტიკურ პარტია „დროას“ ჰყავს იგივე ადამიანებისგან შემდგარი არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“. იმისთვის, რომ გვერდი აუარონ საკანონმდებლო დანაწესს, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უცხოეთიდან არ უნდა ფინანსდებოდეს, იღებენ ამ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ მეშვეობით. რამდენიმე ორგანიზაციას აქვს გამოყენებული იგივე პარადიგმა. ეს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომ სწორი ფორმით დისკუსია ვერ წარიმართება. დისკუსიებში რომ მონაწილეობდეს გულწრფელი, ნამდვილი, თუნდაც ყველაზე კრიტიკული სამოქალაქო სექტორი, ამას არაფერი აჯობებდა. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არის სერიოზული სამოქალაქო სექტორი, რომელიც მონდომებულია, რომ იყოს ორიენტირებული საქმესა და შედეგზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მოქცეული ჰყავს ეს სამოქალაქო სექტორი რამდენიმე მდიდარ „ენჯეოს“, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებით არიან დაკავებულები“, – აღნიშნა სარჯველაძემ.