“ბასკი შეფები ქართველ შეფებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ, თავად აღნიშნავენ, რომ ახლის გაგება, ახალი ინგრედიენტების აღმოჩენა მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია” – კახეთი გასტრონომიულ კონგრესს უმასპინძლებს

2-3 მარტს კახეთში საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი, Culinary Connection Euskadi-Georgia გაიმართება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას “გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებლებმა, ქეთი კვიჭიძემ და დადუნა ღლონტმა განაცხადეს.

“გასტრონომიული კონგრესი 2 და 3 მარტს ჩატარდება. 2-ში უშუალოდ კონგრესი იქნება, სადაც გასტრონომიის და რესტორნის სფეროდან დაახლოებით 250 სტუმარია მოწვეული. ღონისძიებას ახალგაზრდა შეფები დაესწრებიან. კონგრესი 09:30-ზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრების მსურველებს კახეთში, “ამბასადორში” ჩამოსვლა მოუწევთ. გადავწყვიტეთ, ეს ღონისძიება კახეთში ჩატარებულიყო. ბასკეთი ესპანეთში ცალკეული ავტონომია, რეგიონია, ცდილობენ, გასტრონომიის მხრივ რეგიონი განვითარდეს. ჩვენთვისაც ზუსტად ეს არის საინტერესო, რომ გასტრონომიული მიმართულებით რეგიონების განვითარება მოხდეს. მით უმეტეს, კახეთი ღვინის რეგიონია, “კავკასიის უნივერსიტეტის” მიერ გასტრონომიული აკადემიის გახსნაა დაგეგმილი. გასტრონომიული კონგრესი “გურჯაანის ღვინის ფესტივალის” პროექტია. კონგრესი ბასკეთისა და საქართველოს დაახლოებისთვისაა, ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები ჩამოდიან. საქართველოდან თეკუნა გაჩეჩილაძე და ახალგაზრდა შეფი – ლუკა თოდუა იქნებიან, ასევე, დავით ნარიმანიშვილი, რომელიც ბასკეთის გასტრონომიულ სკოლაში სწავლობდა. შეფები ძალიან მნიშვნელოვან კონგრესს გამართავენ, ასევე, პანელური შეხვედრა და მასტერკლასები იქნება.
ბასკეთის აკადემია ამ ყველაფერზე კომუნიკაციას თავად აკეთებს, ინფორმაცია მათ საიტზე დაიდო. ბასკეთის მთავრობა, ჟურნალისტები ჩამოდიან, ეს ყველაფერი გაშუქდება. ასე უფრო მეტად გაგვიცნობენ, მით უმეტეს, ევროპაში. აღნიშნული ღონისძიება იმისთვისაა, რომ საქართველოს პოპულარიზაცია მოხდეს და მეტი სტუმარი მივიღოთ”, – განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.

დადუნა ღლონტის თქმით, ბასკი შეფები ქართველ შეფებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ, ამასთან, თავადაც აღნიშნავენ, რომ ახლის გაგება, ახალი ინგრედიენტების აღმოჩენა მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანი კონგრესი ტარდება. ძალიან ცნობილი შეფები ჩამოდიან, მათი რესტორნები “მიშლენის ვარსკვლავის” მქონე, დიდი ისტორიის მქონე რესტორნებია. შეფებს სხვადასხვა ჯილდო აქვთ. ერთ-ერთი შეფი “მწვანე ვარსკვლავით”
დაჯილდოებული ხუან კარლოს კაროა. ეს ჯილდო “მიშლენის გიდმა” 2000 წელს შემოიღო და იმ რესტორნებსა და შეფმზარეულებს აჯილდოებს, რომლებიც მდგრადი გასტრონომიის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ. ერთ-ერთი შეფმზარეული ენრიკე ფლეიშმანია, ბასკეთის კულინარიის ცენტრის ასოცირებული პროფესორი, მისთვის ქართული პროდუქტების ნახვა, ქართველ შეფებთან გასაუბრება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც თავად ამბობს, ერთი სული აქვს, საქართველოს ესტუმროს.
პანელური დისკუსიის მთავარი თემა შეფების მხრიდან სწორედ გასტრონომიის მდგრადი განვითარება იქნება. მთავარი თემა ასევე იქნება ნახშირი, როგორც კულინარიული ტექნიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ბასკი შეფები ქართველ შეფებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ და, რა თქმა უნდა, თავადაც აღნიშნავენ, რომ ახლის გაგება, ახალი ინგრედიენტების აღმოჩენა მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ორგანიზატორი და მხარდამჭერი, არა მხოლოდ ბასკეთის კულინარიის ცენტრი და ბასკეთის მთავრობაა, არამედ ასევე “მანტალა”, რომელიც ბასკეთის კულინარიის ცენტრმა შექმნა. ეს ორგანიზაცია ახალი ინგრედიენტების, კულინარიული ტექნიკების განვითარებას ემსახურება. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კულინარიული მემკვიდრეობა შეინარჩუნონ და უწყვეტი განვითარება ჰქონდეთ. კონგრესის გარდა, გვაქვს პატივი, განსაკუთრებულ გალა ვახშამს ვუმასპინძლოთ, სადაც შეფების მიერ მომზადებული უნიკალური კერძები იქნება წარმოდგენილი.
3 მარტის ღონისძიებაზე სტუმრებს ქართულ კულტურას გავაცნობთ, ქართულ მასტერკლასებს ჩავატარებთ. შეფებისთვის ავთენტური სამზარეულოს, კერძების, პროდუქტების გაცნობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა გასტრონომიის სფეროში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს . ჩვენთვისაც და მათთვისაც ახალი, საინტერესო კულინარიული რეცეპტების, ინგრედიენტების, კულტურის აღმოჩენა ძალიან საინტერესოა. ასეთი კონგრესი, სტუმრების, შეფმზარეულების მოპატიჟება რაც მეტად იქნება, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი იქნება, განსაკუთრებით გასტრონომიისთვის, რადგან გასტრონომია საქართველოს მართლა უდიდესი კულტურის, იდენტობის ნაწილია”, – განაცხადა დადუნა ღლონტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები