მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში.
დავითულიანის თქმით, თემურ ჯანაშია იმის ნაცვლად, რომ ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, არის გარეთ და ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს.
„ბატონი ჯანაშია იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, არის გარეთ და გვიკიჟინებს ახლა, მოუწოდებს ამომრჩეველს რევოლუციისკენ. მარტივი სცენარია – სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მერე მიანიჭოს მოქალაქეობა, რომ პოლიტიკაში ჩართვის ლეგიტიმაცია მისცეს და გამოიყენონ რევოლუციის ინსტრუმენტად. ეს მათ არ გამოუვათ, რადგან ნულოვანი შანსი აქვთ“, – აღნიშნა დავითულიანმა “ქრონიკასთან” საუბრისას.