ვახტანგ მახარობლიშვილი: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი ხორციელდება ქალაქ ბრიუსელში
ეს არის პრემიერმინისტრის პირველი გარე ვიზიტი, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება ქალაქ ბრიუსელში, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის რიგით მერვე, მაგრამ პირველი ასოცირების საბჭო მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და პირველი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა იქნება.
„დღეს იწყება საქართველოს პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. მოგეხსენებათ, რომ ეს არის პრემიერმინისტრის პირველი გარე ვიზიტი, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება ქალაქ ბრიუსელში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი იქნება უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო. ეს არის რიგით მერვე, მაგრამ პირველი ასოცირების საბჭო მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ყურადღებას გავამახვილებ ასოცირების საბჭოს დღის წესრიგზე, რომლის პირველი თემაც გახლავთ სწორედ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი სიახლეა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგისთვის. აქედანაც ჩანს, რომ ევროკავშირსა და ევროპულ მხარესთან ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზასა და ამ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე. ბუნებრივია, საუბარი იქნება იმ რეფორმებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს, იმ ცხრა რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა ევროკომისიამ და მათი იმპლემენტაციის მდგომარეობაზე. ასევე, ხაზი გაესმება იმას, რომ შემდეგი უახლოესი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გახლავთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ბუნებრივია, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება სექტორალურ ინტეგრაციაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ზოგადად, საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის თემატიკაზე. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ევროპულ მხარესთან. რამდენიმე მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო პროცესები, მათ შორის, როუმინგის თემატიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, კატასტროფების მექანიზმებში გაწევრიანების მექანიზმებში გაწევრიანების მიმართულებით და კიდევ რამდენიმე სხვა სექტორალური კუთხით. საქართველო აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას, რომ მაქსიმალურად დავახლოვდეთ ევროკავშირთან ყველა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.