კახი კახიშვილი: კოალიციურ მთავრობაზე როდესაც საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, ჩემი აზრით, ცოტა უხერხულია
“კოალიციურ მთავრობაზე შეიძლება, ისაუბრონ პარტიებმა, მაგრამ როდესაც ამაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, ჩემი აზრით, ეს ცოტა უხერხულია იმიტომ, რომ ეს ყველანაირ სამართლებრივ პრინციპს აცდენილია”,- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახი კახიშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წითელი ხაზები უნდა იყოს – პოლიტიკური მიზნების გამო რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება.
„მანამ, სანამ იარსებებს ცილისწამება, დაბრალება, უაზრო შეურაცხყოფები, კოალიციური მთავრობა კი არა, ყველაფერი რომ კოალიციური იყოს, ეს ტემპერატურა არ დაიწევს. რა კოალიციური მთავრობა დააწყნარებს იმას, ვიღაც რომ გაგლანძღავს, შეგაგინებს, ცილს გწამებს და მერე გამოხვალ და ამას პასუხს სცემ? შეხედეთ, სოციალურ ქსელებში რა ხდება. ჩვენ თვითონ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ წითელი ხაზები უნდა დავაწესოთ – რისი გაკეთება შეიძლება და რისი გაკეთება არ შეიძლება პოლიტიკური მიზნების გამო. აი ეს არის ცივილური ურთიერთობებისთვის საჭირო წამალი”, – განაცხადა კახიშვილმა.