ირაკლი ქადაგიშვილი: კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება

“კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება, რადგან  ყველა მონაცემით, ჩვენ უპირობოდ ვიმარჯვებთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ქადაგიშვილის თქმით, საუბარი იმაზე, რომ კოალიციური მთავრობა არის საქართველოს მხსნელი – სპეკულანტური თემაა.

„ეს არის ჩვეულებრივად ოპოზიციისკენ გადაგდებული მაშველი რგოლი. მოგეხსენებათ, ოპოზიციას ძალიან მძიმე კრიზისიდან გამომდინარე, პრობლემები უდგას საარჩევნო კუთხით. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ პარტიას, დედა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხუთპროცენტიანი ბარიერის მყარად გადალახვის საშუალება. ამიტომ რამენაირად საზოგადოებაში რომ გაზარდონ მოლოდინი, ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, შემოაქვთ ეს სპეკულანტური თემა, რომ კოალიციური მთავრობა არის საქართველოს მხსნელი. ოღონდ, იმას არ ამბობენ, რისგან და რატომ არის საქართველოს მხსნელი კოალიციური მთავრობა. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ნებისმიერი კოალიცია, რადგან დღევანდელი ყველა მონაცემით, ჩვენ უპირობოდ ვიმარჯვებთ. რაც შეეხება დარჩენილ ოპოზიციასთან კოალიციურ მთავრობას, ეს მარტივად ნიშნავს ერთადერთ რამეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე ახალი კოალიციური მმართველობა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ შენიღბული ფორმით უკან მოტრიალება. ეს არის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილის ნათელი გაშიფვრა და სურათი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები