გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: პრემიერმინისტრი ვაშაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ამაზეც ერთმანეთს დახოცავენ
“პრემიერმინისტრი ვაშაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ამაზეც ერთმანეთს დახოცავენ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოება გადაწყვეტს, კოალიცია იქნება საჭირო ქვეყანაში თუ არა.
„ნუ შეწუხდებიან იმით, თუ რას გადაწყვეტს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს – კოალიციურ მთავრობას თუ რაიმე სხვას. რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ სიზმრებს, ცნობილი მულტფილმია „სიზმარა“ – აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდევ ვარსკვლავები… დაირიგეს მინისტრების პორტფელები ვარსკვლავებივით, ოღონდ არ ვიცი ახლა ვინაა სიზმარა – სააკაშვილი, კეზერაშვილი თუ ხაბეიშვილი. პრემიერ-მინისტრი ვაშაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ამაზეც ერთმანეთს დახოცავენ… ეს მათი საქმეა და უფლება აქვთ ასეთი სიზმრებით და ფანტაზიებით იცხოვრონ. მაგრამ რეალობა კი, ის იქნება, რომ ყველას გასაგონად, მსოფლიოს გასაგონად საქართველოს საზოგადოება გადაწყვეტს კოალიცია იქნება საჭირო ქვეყანაში, თუ არა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად – დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად – ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად – თინა ხიდაშელი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე – მამუკა ხაზარაძე.