ია მეტრეველი: ვემხრობი რეიდებს … ყოფილი ხელისუფლების დროს კი პოლიცია თავად იყო საშიში

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანაშაულს თვითონ ხელისუფლება სჩადიოდა და უდანაშაულო ახალგზარდებს ქუჩაში ადგილზევე კლავდნენ“ – ამის შესახებ „კვირას“ ია მეტრეველმა განუცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თავად პოლიცია იყო საშიში და ახალგაზრდებს ქუჩაშივე „ასამართლებდნენ“. საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ ხელმძღვანელი ია მეტრეველი ყურადღებას შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე ამახვილებს. ის ამბობს, რომ კრიმინალი ქვეყანაში იყო და ახლაც არის, მაგრამ განსხვავებაზე აქცენტებს აკეთებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საზოგადოებისთვის ყველაზე საშიშს თავად პოლიცია წარმოადგენდა. ხალხი იყო შიშის ქვეშ, გვეშინოდა. მაშინ სწორედ პოლიციის გვეშინოდა. პოლიცია უდანაშაულო ახალგაზრდების ჩახოცვით გამოირჩეოდა. მათ ყველაფრის უფლება ჰქონდათ. ქუჩებში აღასრულებდნენ ისინი „სამართალს“. ეს იყო სააკაშვილის მიერ მიცემული მითითება და ბრძანება, რომ მათ ადგილზევე ემოქმედათ, გონივრული ეჭვის საფუძველზე შეეძლოთ პირდაპირ მოეკლათ ხალხი ქუჩაში და ასეც აკეთებდნენ. კრიმინალი ყოველთვის იყო და ახლაც არის, ამას ვერავინ ვერ უარყოფს, ახლაც დიდი რაოდენობით ხდება, მაგრამ განსხვავებაა…“ – აცხადებს ია მეტრეველი.
იგი შს მინისტრს მოუწოდებს, რომ პოლიცია უფრო მეტად გააქტიურდეს. მისთვის ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სპეციალური საპოლიციო კონტროლი მისაღებია. თუმცა, ია მეტრეველი პოლიციელებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.
„შს სამინისტროს მოვუწოდებ, რომ ნამდვილად უნდა გააქტიურდნენ. ვემხრობი ამ რეიდებს, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების დროს თავად ხელისუფლება იყო კრიმინალური და პოლიცია – ქვეყნისთვის საშიში, სწორედ ეს არის განსხვავება ამ ხელისუფლებასა და იმ ხელისუფლებას შორის. ეს არის მთავარი განსხვავება. ეს რეიდები ნამდვილად მისაღებია, ოღონდ უნდა იყოს კანონისა და ზრდილობის ფარგლებში, და როდესაც პოლიციელები მოვალეობას ღირსეულად შეასრულებენ, ამას მოსახლეობაც ნორმალურად მიიღებს. დღეს პოლიცია განთავისუფლებულია ხელისუფლებისგან და პოლიტიზებული აღარ არის. ხალხს პოლიციის აღარ ეშინია“, – ამბობს ია მეტრეველი.
მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება დანაშაულებრივი სტატისტიკის გამოქვეყნებისას ფაქტებს მალავდა. ია მეტრეველს მიაჩნია, რომ ყოფილი ხელისუფლება ყველა ტელევიზიას აკონტროლებდა, შესაბამისად, რაც ხელისუფლებას აწყობდა, იმ დანაშაულებს ასაჯაროებდნენ. მისივე თქმით, ამჯამად ვითარება შეცვლილია და შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა რეალურია.
„უფრო მეტს გეტყვით, ყოფილი ხელისუფლების დროს სტატისტიკა, რასაც აქვეყნებდნენ, არარეალური იყო. რაც თვითონ აწყობდათ, იმას აქვეყნებდნენ. მთელი ტელევიზიები მათ ხელში იყო და, რაც აწყობდათ, იმას აშუქებდნენ, რა თქმა უნდა, იფარებოდა დანაშაულები. ახლა კი ღიად ჩანს, რაც ხდება, ახლა გვეჩვენება, რომ დანაშაული გაიზარდა. მაგრამ ვიტყოდი, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ დანაშაულებს კი არ უნდა შევადაროთ, არამედ უკეთესისკენ უნდა გვქონდეს ორიენტირი. მაშინ იმალებოდა და რეალურად არ ჩანდა ის დანაშაულები, რაც ხდებოდა, ვის უნდა გაებედა კრიმინალის ჩადენა, თვითონ იყვნენ კრიმინალები და თვითონ ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში თუ ციხეში“, – აცხადებს ია მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები