როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა – ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ირაკლი იზორია 1 წლის მონაცემების შესახებ საუბრობს

“მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. წლიდან წლამდე, ფაქტობრივად, ისეთი ცვლილებები არ არის, რომ გაუმჯობესებული მაჩვენებლები გვქონდეს”, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იზორიამ ავტოსაგზაო შემთხვევების 1 წლის სტატისტიკაზე ისაუბრა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შეაფასა.

“საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკას წლებია, ვაკვირდებით. ერთი სიტყვით თუ ვიტყვით, ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. წლიდან წლამდე, ფაქტობრივად, ისეთი ცვლილებები არ არის, რომ გაუმჯობესებული მაჩვენებლები გვქონდეს. 2023 წლის მაჩვენებლებით, საქართველოში სულ 7 310 ადამიანი დაშავდა, 442 კი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 5 %-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება საგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს: პირველ ყოვლისა, სიჩქარის გადაჭარბებაა, შემდეგ მანევრირების წესების დარღვევა, ანუ გადასწრება და შემხვედრ ზოლში გადასვლა. წინა წელს პირიქით, ეს მიზეზი იყო პირველი, სიჩქარის გადაჭარბება კი მეორე ადგილზე. სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები, ვიდეოჯარიმებს თუ ავიღებთ, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 30 %-ით არის გაზრდილ. რა თქმა უნდა, სტატისტიკას თუ კარგად დავაკვირდებით, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლებრივ მიმართულებაზე, ანუ როცა ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. მაგრამ გვაქვს ადმინისტრაციული სამართლადარღვევებით გამოწვეული საგზაო შემთხვევები, რომელიც 50 000-ს აღემატება და ეს იმ 5 000-იან მაჩვენებელს ემატება, რომელიც სისხლის სამართლებრივადაა. აქედან თბილისში 30 000 საგზაო შემთხვევაა მომხდარი, აქ საუბარია მათზე, ვინც ადმინისტრაციული წესით მიეცა პასუხისგებაში. რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მთლიანი საგზაო შემთხვევების რიცხვიდან გამომდინარე ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალებამ 34 % შეადგინა, რაც ძალიან დიდი რიცხვია. ვფიქრობ, მძღოლების მიერ საგზაო მოძრობის წესების იმდაგვარი რეგულირებაა მნიშვნელოვანი, რომ ფეხით მოსიარულეთა მსხვერპლი და დაზიანება ნაკლებად მოხდეს.
სტატისტიკა, რომელიც გვაქვს, სრული არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ საპატრულო პოლიციის დაქვემდებარებაში არსებული გზებზე, თუმცა, არსებობს გზები, სადაც პატრული საერთოდ არ არის, მაგ. მაღალმთიანი რეგიონები, დაბები და ა.შ. თუ ამ სტატისტიკასაც დავუმატებდით, საგზაო შემთხვევათა რიცხვი აუცილებლად გაიზრდებოდა. ამასთან, ჩვენთან თუ ადამიანის გარდაცვალება ხდება, სტატისტიკაში შეყვანა იმ წუთიერად ხდება, როცა საგზაო შემთხვევა მოხდება. თუ გარდაცვალება კლინიკაში 2-3 დღის, ან 1 კვირის შემდეგ მოხდება, სტატისტიკაში შეყვანა არ ხდება, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია. ამ ნიუანსებსაც თუ დავუმატებთ, ვფიქრობ, საგზაო -სატრანსპროტო შემთხვევებით გამოწვეული დაშავებულობა და სიკვდილიანობა 2-ჯერ, ან 3-ჯერ მეტიც შეიძლება, იყოს.
ასევე, მინდა, შევეხო საგზაო შემთხვევების გამომწვევ პირველ მიზეზს, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებაა. ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რატომ ვერ ხერხდება მისი რეგულირება. პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა: კარგია, რომ ქვეყანა ზრუნავს და ვიდეოკამერებს ვამატებთ, სექციურ რადარებიც ემატება, აღსრულების კუთხე უმჯობესდება, თუმცა, ის გვავიწყდება, რომ როცა ქულათა სისტემა მივიღეთ, მაშინ პირდაპირ მითითება იყო, ვიდეოჯარიმები ქულებზე მიბმული ყოფილიყო. დღეს სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულები არ აკლდებათ. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს უსასრულოდ შეუძლიათ, ჯარიმა გადაიხადონ და ქუჩაში მაინც იარონ. სამოქალაქო ორგანიზაციები წლებია, შსს-ს მოვუწოდებთ, რომ ვიდეოჯარიმები აუცილებლად ქულათა სისტემაში შეიყვანოს, რათა აღსრულების მექანიზმები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. ამას დიდი ეფექტი ექნება. 5 ქულაც რომ იყოს მინიმალური, ადამიანი მაინც მოუფრთხილდება, უფრო ფრთხილად ივლის”, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ურბანულ ზონებში სიჩქარის ლიმიტები 50 კმ/სთ-მდე უნდა შემცირდეს.

“რაც შეეხება სიჩქარის ლიმიტების საკითხს – ზოგადად, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ძალიან მაღალია. ჩვენთან კანონმდებლობაში ერთი დიდი ხარვეზია: მძღოლს 15 კმ/სთ შეუძლია, ტოლერანტობა ჰქონდეს. ანუ თუ დადგენილია 60 კმ/სთ, შეუძლია, 75-მდე გაიაროს, რაც საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული არაა, დადგენილი სიჩქარის მაქსიმუმ 10 % უნდა იყოს. ჩვენთან ურბანულ ზონებში 60 კმ/სთ-ია დაშვებული, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. მითებია, რომ მაღალი სიჩქარე უკეთესია, რადგან მანქანები სწრაფად ივლიან, საცობები არ იქნება. ეს ასე არ არის. პირიქით, რაც უფრო მაღალია ქალაქში სიჩქარე, მით მეტი საცობები შეიქმნება, დაბალანსებული, დარეგულირებული სიჩქარეა მნიშვნელოვანი. თან ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვავითაროთ, საავტობუსე ზოლები, კორიდორები, სწრაფი გადაადგილების სისტემა შევქმნათ, ამას დაბალანსებული და დაბალი სიჩქარე სჭირდება. მაღალი სიჩქარის დროს გადაადგილება ავტობუსებსაც უჭირთ, საცობები, პრობლემები იქმნება. დაბალანსებული სიჩქარის რეჟიმი როცა ამოქმედდება, როცა იგივე ეს ჭკვიანი მართვის სისტემა შევა ძალაში და ნელ-ნელა დანერგვას დაიწყებს, დამერწმუნეთ, რომ კანონში ცვლილებები იქნება საჭირო. ეს 60 კმ/სთ-იანი ლიმიტი, რაცაა დაწესებული (რეალურად ადამიანს შეუძლია, დასახლებულ პუნქტში 75 კმ/სთ-ით გაიაროს), 50 კმ/სთ-ზე უნდა ჩამოვიდეს”, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები