მსოფლიოში 2023 წელს მედიის 99 თანამშრომელი დაიღუპა, მათგან სამ მეოთხედზე მეტი ისრაელ-“ჰამასის”ომს შეეწირა
ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) გამოაცხადა.
აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი მაქსიმუმამდე გაიზარდა. მხოლოდ 2022 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 44%-ით არის მომატებული.
ამავდროულად, ღაზას სექტორში ისრაელის ოპერაციის პირველ სამ თვეში 77 ჟურნალისტი და მედიის სხვა თანამშრომელი დაიღუპა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ერთი წლის განმავლობაში რომელიმე ქვეყანაში მომხდარა. იერიშებმა 72 პალესტინელი, სამი ლიბანელი და ორი ისრაელელი ჟურნალისტი იმსხვერპლა.
იმავდროულად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში პირიქით, სტატისტიკა კლებისკენ წავიდა.
თუ 2022 წელს 69 ჟურნალისტი დაიღუპა, 2023 წელს – 22.
უკრაინაში 2022 წელს 13 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო 2023 წელს მხოლოდ ორი.
ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს ტენდენცია შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტრენინგთან, რომელიც მედიის მუშაკთა უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული, ასევე, ომის ზონებში აკრედიტაციის გამკაცრებული წესებით.
გარდა ამისა, CPJ-ში აცხადებენ, რომ, 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, 320 ჟურნალისტი იყო დაკავებული, რაც 2022 წლის დონეს უახლოვდება.