დავით ოქიტაშვილი: მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერდი
მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან მე სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერდი, – ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ქართველ ხალხს და ამომრჩეველს უღალატა.
„რთულია ქალბატონზე ასე საუბარი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ მან უღალატა ქართველ ამომრჩეველსა და ქართველ ხალხს. ამიტომ დღეს ეს ქალბატონი ჩემთვის მიუღებელია. მან დღეს გვერდით დაიყენა ისეთი ხალხი, რომლებმაც გაანადგურეს ჩვენი ახალგაზრდა თაობა.
მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან მე სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერდი. მას ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს იმიტომ, რომ საქართველოში არ დაბრუნებულიყო ის უბედურება, რაც იყო. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს, რომელსაც ახლა მოუწოდებს, რომ მის გვერდით დადგნენ, უთხრა – დიახ, თქვენ ღირსი იყავით, როცა თქვენს თანატოლებს ხოცავდნენ, დიახ, ღირსი იყავით, როდესაც თქვენს მშობლებს, ბებიასა და ბაბუას ციხეში აწამებდნენ, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა დღეს სწორედ ამ ყველაფრის გამკეთებელი ხალხი გვერდით დაიყენა და ირგვლივ შემოიკრიბა“, – აღნიშნა ოქიტაშვილმა.