პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი საგარეო უწყებას – წერილი გიორგი მარგველაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს. როგორც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის გაუგებარია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ გაერომ სამიტზე დასასწრებად მოსაწვევი მიხეილ სააკაშვილის სახელზე გამოგზავნა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნისგან წერილი 25 თებერვლს მიიღო და ის გიორგი მარგველაშვილის სახელზეა გამოგზავნილი.
„ჩვენთვის გაუგებარია ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ. როგორ შეიძლება, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფორუმზე, გაერთიანებული ერების ორგანიზციაში საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4 თვის გასვლის შემდეგ არ იყოს მისული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეიცვალა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის პირველი პირი. მით უფრო მაშინ, როდესაც წერილი ჩვენ მივიღეთ, დათარიღებულა სწორედ 25 თებერვლით და გამოგზავნილია გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ხელმოწერით, გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის სახელზე. აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს გამოგზავნილი მოწვევა ჩვენ მივიღეთ 11 ივნისს და ამის მერე კიდევ უფრო გაუგებარია, რომ როდესაც ჩვენ პასუხი გავეცით და გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის წერილი გაეროს გენერალური მდივნის სახელზე, ამის მერე ჩვენ გვეუბნებიან იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი არ უნდა გაემგზავროს ამ ღონისძიებაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე“, – განაცხადა ფხალაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქცია პრეზიდენტს აქვს. მისივე თქმით, გაეროში პრეზიდენტის წასვლა სწორედ წარმომადგენლობითი ფუნქციის აღსრულება იქნებოდა და გიორგი მარგველაშვილი ამის გამო აპირებდა წასვლას.
„მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კონსტიტუციის 69-ე მუხლის მესამე პუნქტით, საქართველოს საგარეო საქმეთა ურთიერთობებში პრეზიდენტი წარმოადგენს. ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა, ეს არის ვალდებულება და ამიტომაც, პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე. წარმომადგენლობითი ფუნქცია არ გულისხმობს არც მოლაპარაკებების წარმოებას და არც ხელშეკრულების ხელმოწერას, რასაც სჭირდება მთავრობასთან შეთანხმება, ეს პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის და არცერთი პრეცედენტი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ ეს დაგვერღვია, მაგრამ გაეროს ტრიბუნა ეს არის სწორედ საქართველოს წარმოჩენის ტრიბუნა, სადაც ხდება სწორედ წარმომადგენლობითი ფუნქციის აღსრულება და სწორედ ამიტომ გეგმავდა პრეზიდენტი ამ ვიზიტს“, – განაცხადა ფხალაძემ.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, თუკი გაეროში და რომელიმე სხვა ორგანიზაციაში, ქვეყანაში არ არის მისული ინფორმაცია, რომ საქართველოში შეიცვალა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტის აქტიურობა უნდა გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები