“ცესკო უნდა იყოს დამოუკიდებელი, პოლიტიკური ჩარევისგან დაცული ორგანიზაცია” – არჩილ თალაკვაძე
“ჩვენ შემოვიღეთ საარჩევნო ადმინისტრაციის შერჩევის ისეთივე სისტემა, როგორიც აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს. ჩვენ გამოვიტანეთ პოლიტიკა და პარტიული ჩარევის ალბათობა ცესკოდან, რომ არცერთ პარტიას არ ჰქონდეს ბერკეტი, ცესკო გახადოს თავისი ვაჭრობის საკითხად. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი, პოლიტიკური ჩარევისგან დაცული ორგანიზაცია. აი, ეს ცვლილებები შედის, საბოლოო ეტაპი ახლა არის პარლამენტში და ზუსტად ამას აპროტესტებენ”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ევროპულ სახელმწიფოებს აქვთ სტაბილური, თანმიმდევრული, სანდო საარჩევნო ადმინისტრაციები. სტაბილურობას და სანდოობას განაპირობებს ის, რომ შენ ორი, სამი, ოთხი არჩევნები გაქვს ჩატარებული, რომლებიც დამკვირვებლებს აღიარებული აქვთ ობიექტურ არჩევნებად და რომლებზეც მოქალაქეებმა თავად დაინახეს, რომ მათი არჩევანი რეალურად დათვალა საარჩევნო ადმინისტრაციამ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა და სურვილი ყოველთვის იყო, რომ საქართველოს ჰქონოდა სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ექნებოდა რეფორმების გეგმა, რწმენა და იმის თავდაჯერება, რომ ისინი მუშაობენ, მათ ენდობა სახელმწიფო და მოქალაქეები, რომ მათი სამსახური არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.
ამის საპირისპიროდ რა გააკეთა ოპოზიციამ? მათ მაქსიმალურად გამოიყენეს ყველანაირი ზეწოლის ბერკეტები, რომ საქართველოს ჰყოლოდა საარჩევნო ადმინისტრაცია გაუგებრობაში, ბუნდოვანებაში. ხმა არ მისცეს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამბობდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი პროფესიონალია, კარგი განათლება აქვს, კარგად მუშაობს, მაგრამ მაინც არ იმსახურებს დამტკიცებას. უკვე 4-5 არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ ეს საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს კარგად, ეფექტურად და სამართლიანად.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციას დღემდე უნდოდა, შეენარჩუნებინა პოლიტიკური ბერკეტი ცესკოზე, რომ ყოველ 6 თვეში სწორედ ოპოზიციას შეეკითხოს სახელმწიფო, მოსწონთ თუ არა ადმინისტრაცია. შესაბამისად, იქ მყოფ მენეჯმენტს და თანამშრომლებს ყოველ 6 თვეში აქვთ გაურკვევლობის განცდა. ამის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება გრძელვადიანი რეფორმები, სტრატეგია და კამპანია ნდობის გასაზრდელად, და ვიღებთ რაღაც ორგანიზაციას, რომლის გალავანზე გადახტომაც, რასაც ნიკა მელია აკეთებდა, შეჭრა და დაზიანება არის ადვილი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის უფრო ემზადება. საკუთარ ხალხთან უფრო ნაკლებს მუშაობს ნდობის მოსაპოვებლად, ვიდრე გარეთ ეძებს პატრონს და მხარდამჭერს. ამიტომ არ სჭირდებოდათ მათ სანდო, ძლიერი და მდგრადი საარჩევნო ადმინისტრაცია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.