სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა – რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის ახალი იერიშები წამოიწყო
,,უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომი გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა, მეტიც ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა ვერ შეარყია და კიდევაც გააძლიერა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს.
,,მიუხედავად წარუმატებლობისა, ან სწორედ ამის გამო, რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს.
რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.