“კრიმინალიზებულ პირამიდაში, რომელიც სააკაშვილმა რუდუნებით ააგო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო” – გია ცაგარეიშვილი გვარამიაზე
გია ცაგარეიშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, „ქართული ოცნების“ არც ერთი გულშემატკივარი გვარამიას ხმას არ მისცემს.
„გვარამია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა კრიმინალიზებულ პირამიდაში, რომელიც სააკაშვილმა რუდუნებით ააგო და ახლა ეს ადამიანი დღეს ამტკიცებს, რომ თურმე დღეს ის ქართულ პოლიტიკაში ე.წ. ახალი სახეა. გვარამია თითქმის ყოველ დღე დგას პატიმრის საკანთან რჩევებს ეკითხება. ისევ მიხეილ სააკაშვილს ჩაუყოფს ჯიბეში ხელს და იმ რამდენიმე ათას ხმას ამოაცლის. რომელი „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი მისცემს კრიმინალ გვარამის ან კრიმინალ მელიას ხმას“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამშრომლობას განიხილავს ყველასთან, მათ შორის, მელიასთან, ჯაფარიძესა და ხოშტარიასთან.