ჯოზეფ ბორელი: მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში
“ჩვენ ბევრად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში”, – ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„ეს ახალ სიცოცხლეს შესძენს უძველეს „აბრეშუმის გზას“, დაგვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ჩვენი გამოწვევა. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა მოვძებნოთ ფინანსური რესურსები, რომ ეს რეალობად ვაქციოთ.
დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ საზღვრებზე. საზღვრები ირღვევა. საზღვრები დაპირისპირების წინა ხაზებია. თუმცა საზღვრები ასევეა დედამიწის კანზე ისტორიის მიერ დატოვებული იარები. ისტორია იწერებოდა საზღვრებით დედამიწის ზედაპირზე, ზოგჯერ ცეცხლითა და ბრძოლით. ჩვენ უნდა გადავლახოთ საზღვრები. ჩვენ უნდა გავცდეთ საზღვრებს, რათა კონტაქტი გვქონდეს მეორე მხარეს მყოფ ადამიანებთან. ჩვენ უნდა გავხადოთ საზღვრები გამჭვირვალე. ისინი იარსებებს, თუმცა, ჩვენ მათ ვერ დავინახავთ. სწორედ ასეა აქ, ევროკავშირში. დიახ, ევროპაში საზღვრები დარჩა ისტორიის იარებად, თუმცა, დღეს შეგიძლია, იმგზავრო გიბრალტარიდან ჰელსინკიმდე, გადაკვეთო მრავალი საზღვარი ისე, რომ ისინი ვერ დაინახო. არ მოგიწიოს გაჩერება, არავინ გკითხოს – ვინ ხარ? სად მიდიხარ? გახსენით ჩანთა, გვანახეთ საბუთები. საზღვრები კვლავ შენარჩუნებულია იქ, თუმცა მათ ვერავინ ხედავს. მოგზაურობა, მიმოსვლა ბევრად მარტივია და ბევრად სასარგებლო. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მთელ მსოფლიოს შეუძლია – გახადოს საზღვრები გამჭვირვალე, რომ ადამიანებმა, ტვირთებმა, მომსახურებამ ერთი ქვეყნიდან მეორეში რაც შეიძლება მარტივად შეძლონ გადანაცვლება“, – განაცხადა ბორელმა.