ილია ღუდუშაური: რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირეს, თუმცა დღეს შეხვედრაზე უარი განაცხადეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირეს, რაზეც მინისტრმა მზაობა გუშინვე განაცხადა. შეხვედრის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის თანამშრომლებს, თუმცა დღეს მათ პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახალი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა.
„ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.