გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს გაო ხუჩენს შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრა ჩინეთში საქართველოს ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებზე, მათ შორის, ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის და საქართველოში ჩინური ინვესტიციების განხორციელებაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების განვითარება ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებითა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის დერეფნის განვითარებით. მათ შორის, იმ პოტენციალით, რომელიც საქართველოს აქვს.