დავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლების მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე 7-8 ოქტომბერს დაგეგმილ 29-ე რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება 28-ე რაუნდის ჩაშლის გამო და აღნიშნა, რომ ცალსახად მიუღებელია დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია კონსენსუსის საფუძველზე შეთანხმებული ფორმატისა და დღის წესრიგის წინააღმდეგ. ასევე მხარეებმა ის შესაძლო ნაბიჯები განიხილეს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომავალში მოვლენების მსგავსი განვითარების თავიდან აცილება და შემდგომი რაუნდების ჩვეულ ფორმატში ჩატარება. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია სამუშაო ჯგუფების შეუფერხებელი ფუნქციონირება და ისეთი ძირითადი საკითხების განხილვა, როგორიც არის ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები