თბილისის ისტორიის მუზეუმში ირაკლი ნასიძის მიერ შექმნილი სამოსისა და ბრინჯაოს სამკაულების ახალი კოლექციების გამოფენა გაიხსნა
თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, ირაკლი ნასიძის დიზაინით შექმნილი სამოსისა და ბრინჯაოს სამკაულების ახალი კოლექციების გამოფენა, სახელწოდებით „ბაზაზხანა“, გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფენტეზის ჟანრში გაფორმებულ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ირაკლი ნასიძის ახალი კოლექციისა და თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატების, როგორც ხელოვნების ობიექტების, ურთიერთმიმართება ეხილათ.
ახალი პროექტის ფარგლებში მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ირაკლი ნასიძის ბრინჯაოს სამკაულების კოლექცია „არქეო-ფუტურიზმი“ და სამოსი; ასევე, ექსპონატები თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებიდან და ხელოვანის პირადი კოლექციებიდან – ავეჯი, როგორც ხელოვნების ნიმუში და ფერწერული ტილოები.
ავტორის განმარტებით, შემთხვევითი არ არის, რომ მან არჩევანი თბილისის ისტორიის მუზეუმზე შეაჩერა, რადგან სწორედ თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიგო პირველად სიტყვა „ბაზაზხანა“, რომელმაც მოხიბლა და შთააგონა; ამიტომ „შოურუმის“ ცნება სიტყვით – „ბაზაზხანა“ ჩაანაცვლა (რასაც შინაარსობრივი ცვლილება არ გამოუწვევია).
ირაკლი ნასიძე წლების განმავლობაში იყო პარიზის მაღალი მოდის გილდიის წევრი, სადაც ის აქტიურად თანამშრომლობდა მაღალი მოდის სახლებთან და არაერთ ლეგენდასთან.
„ხელოვნება ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ჩვენი ცხოვრება! ის განსხვავებული მსოფლმხედველობის, ნააზრევის, წარმოსახვის, სივრცისა და საგნების, მოვლენების საინტერესოდ აღქმის შედეგია! სიყვარული მოყვასის, შენი ქვეყნის, ქალაქის, იმ სივრცის მიმართ, სადაც დაიბადე, გაიზარდე, ოჯახის, გვარის, ტრადიციების, წინაპრების პატივისცემა – ყოველივე ეს, ბედნიერება და დიდი ხელოვნებაა! ერთი წამი მთელი ცხოვრებაა. ის შემდგომ ისტორიის ნაწილი ხდება და თაობიდან თაობებს გადაეცემა. გამონაკლისი არც ეს საღამოა, თავისი არსით, ღირებულებებითა და მჭიდრო კავშირებით ქალაქის ისტორიასთან.
ამბავი „ბაზაზხანისა“ და თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლაბორაციისა, ვფიქრობ, ერთ-ერთ ლამაზ ისტორიად დარჩება ქალაქს და მის უნიკალურობას კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენს!“ – აღნიშნავს ირაკლი ნასიძე.