კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო სიიდან უნდა იყოს ჩახსნილი. მოსამართლე კონსტიტუციის იმ მუხლით ხელმძღვანელობს, რომელიც „აჯანყებაში ან ბუნტში“ მონაწილე ოფიციალურ პირებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას უკრძალავს.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლა 2024 წლის 4 იანვრამდე შეჩერდა, რათა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს საკითხზე აპელაციის განხილვა შეეძლოს. 5 იანვარს უკვე რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტობის კანდიდატები პრაიმერიზებისთვის უნდა წარადგინოს.

შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას შეუძლია, გავლენა მოახდინოს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე.

„პრეზიდენტი ტრამპი არა მხოლოდ მოუწოდებდა აჯანყებისკენ, არამედ, როდესაც კაპიტოლიუმის ბუნტი მიმდინარეობდა, ის მხარდაჭერას აგრძელებდა და არაერთხელ მოუწოდებდა მაშინდელ ვიცეპრეზიდენტს, მაიკ პენსს, არ შეესრულებინა კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, ურეკავდა სენატორებს და მოუწოდებდა, შეწყვიტონ ხმების დათვლა. ეს ქმედებები შეადგენდა აჯანყებაში ღია, ნებაყოფლობით და უშუალო მონაწილეობას”, – ნათქვამია სასამართლოს დასკვნაში.

თუ საქმე აშშ-ის უზენაეს სასამართლომდე მივა, განაჩენი სავალდებულო იქნება ყველა შტატისთვის.

ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაციას სულ მალე წარადგენენ.

“დარწმუნებულები ვართ, რომ შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენ სასარგებლოდ მიიღებს და საბოლოოდ დაასრულებს ამ არაამერიკულ სასამართლო პროცესებს“, – განაცხადა ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები