ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა.
აღნიშნული პაკეტი მოიცავს ეკონომიკურ და ინდივიდუალურ შემზღუდავ ზომებს რუსეთის ფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის.
გარდა ამისა, პაკეტში შედის იმპორტისა და ექსპორტის ახალი აკრძალვები, მათ შორის რუსული ბრილიანტების ევროპაში ექსპორტთან დაკავშირებით.
კერძოდ, ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსეთიდან ბრილიანტების პირდაპირ ან არაპირდაპირ იმპორტზე, შეძენასა და გადაცემაზე.
ამასთან, 1-ელი მარტიდან ეტაპობრივი შეზღუდვები დაიწყება მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტის იმპორტზე. ასევე, სანქციების ახალ პაკეტში ევროკავშირი აწესებს შეზღუდვებს რუსეთიდან ალუმინის პროდუქტების, მათ შორის მავთულის, ფოლგისა და მილების იმპორტზე.
„ამ მე-12 პაკეტით ჩვენ წარმოვადგენთ ეკონომიკური ზომების ძლიერ ჩამონათვალს, რომელიც კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის საომარ მანქანას. ჩვენი გზავნილი ნათელია, როგორც უკვე განვაცხადე: ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინისადმი ჩვენს ერთგულებაში და გავაგრძელებთ მისი ბრძოლის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ 29 ახალი სუბიექტი დაამატა იმ სიაში, ვინც უშუალოდ უჭერს მხარს რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიულ კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.