გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები და განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან, სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ითვლება. ასევე, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან და სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებულ საკითხებს.
უნივერსიტეტებში სტუდენტებთან შეხვედრა მიზნად ისახავს მიმდინარე რეფორმების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას. საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU).
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.