“გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდა” – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი

გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“სანქციები გამკაცრდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში კომპლექსური ხასიათის ცვლილებები შევიდა, რაც მიზნად ისახავს იმ პრიორიტეტულ თემებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, კანონაღსრულების კუთხით. ცვლილებები შეეხო როგორც უკანონო ტყითსარგებლობას, ბრაკონიერობასთან ბრძოლას, ასევე, სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა: ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამკაცრება, პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების აღსრულება და ა.შ. კანონში ბევრი ცვლილებაა. რაც შეეხება უკანონო ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ კანონაღსრულებას და კანონის გამკაცრებას, მათ შორის ბრაკონიერობასთან ბრძოლას, – რა თქმა უნდა, ეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ორი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია , სადაც პასუხისმგებლობის გამკაცრება უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში გამკაცრების მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჯარიმებს შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს და დარღვევის ადეკვატური იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა – ეს პრევენციული ხასიათის უნდა იყოს. პრევენცია უმნიშვნელოვანესია, რაზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი უწყების მთავარი იდეაა დაფუძნებული. ჯარიმის ოდენობის გაზრდა შემაკავებელი და პრევენციული ხასიათის უნდა იყოს” – განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, ცვლილებები და ჯარიმის გამკაცრება, ფაქტობრივად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებს შეეხო.

“რაც შეეხება უკანონო ტყითსარგებლობის კუთხით მომხდარ ცვლილებებს : 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან, ფაქტობრივად, საჯარიმო სანქციები გაორმაგდა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ასევე, დაცული ტერიტორიების შემთხვევაში. ეს უპრეცედენტო ხასიათის ცვლილება იყო, ვინაიდან მოიცვა როგორც სახელმწიფო ტყის ტერიტორია, დაცული ტერიტორიები, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები. ფაქტობრივად, ცვლილებები და ჯარიმის გამკაცრება, გაორმაგება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებს შეეხო. ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმა გამკაცრდა, გაორმაგდა და 2 000 ლარი გახდა, ნაცვლად ათასისა. განმეორების შემთხვევაში კი 5 000. საჯარიმო თანხას თან სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გარემოსთვის მიყენებული ზიანი ემატება. რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს, აქ ჯარიმა მნიშვნელოვნად, 1000 ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, ცვლილება არა მხოლოდ ხე-ტყის უკანონო ჭრას, არამედ ტრანსპორტირების საკითხსაც შეეხო. აქაც გაორმაგდა ჯარიმა.

მთავრობის განკარგულებების დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე ახალი ნორმა დაწესდა, რომელიც კონკრეტული მშენებლობის პროცესში საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეების გარემოდან ამოღებას ითვალისწინებს. თუ, მაგალითად, რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს და ამ დროს საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის გარემოდან ამოღება ხდება, ჯარიმა 500 ლარი იქნება.

როგორც აღვნიშნე, ცვლილებები ბრაკონიერობასაც შეეხო, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ცვლილებების თანახმად, ისეთი აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, როგორიცაა ელექტროდენი, ელექტროშოკი, თვითნაკეთი ელექტრომოწყობილობები, მომწამვლელი ნივთიერებები, პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ხდება, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ანაზღაურებას 320-დან 400 დღემდე, ან შესაძლოა, თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4 წლამდე მოხდეს. აქამდე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დგებოდა, თუ ზიანი მნიშვნელოვანი იყო, 2000 ლარს აღემატებოდა, ან ამ საშუალებებით თევზჭერა თევზჭერისთვის აკრძალულ პერიოდში ხდებოდა. კანონის გამკაცრება ბრაკონიერობასთან ბრძოლის უფრო ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, ცვლილებები  ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხითაც მოხდა,   გარკვეული სანქციები დაწესდა.  ეს  ხმაურსა და ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ეხება . ჯერადობის მიხედვით,  ხმაურთან მიმართებით დეციბალების გადამეტების  შემთხვევაში  საჯარიმო სანქცია  1500-დან 5000-მდე გახდა, ხოლო ელექტრომაგნიტურ  გამოსხივებასთან მიმართებით 5000-დან 20 000 ლარამდე, გრადაციის მიხედვით.

ცვლილებები ასევე  ისეთ საკითხებს შეეხო, როგორიც,  მაგალითად,  სახეობების დაცვაა: შესული ცვლილების თანახმად, თუ  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი   გარეული ცხოველის უკანონო დატყვევების , მოპოვების ფაქტს გამოავლენს და ეს ცხოველი ცოცხალია, შესაძლებელია, მისი ველურ გარემოში დაბრუნება, დეპარტამენტი უფლებამოსილია, ცხოველი ველურ ბუნებაში დაუყოვნებლივ გაუშვას”, – განაცხადა მაია ჩხობაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები