„ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ“

 

ჩვენ ვართ ერები, რომლებმაც აჩვენეს მაგალითი თუ როგორი სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება ჰქონდეს ორ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში, ზაგულბას სასახლეში ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი ვიზიტის ასეთი მშვენიერი დასაწყისისთვის, არაჩვეულებრივი შეხვედრისა და დახვედრისთვის. ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენთვის მეტად სასიამოვნო იყო თქვენი გულთბილი მასპინძლობა.
დიახ, ჩვენ ვართ ერები, რომლებმაც აჩვენეს მაგალითი თუ როგორი სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება ჰქონდეს ორ ქვეყანას კეთილდღეობისათვის, ჩვენი ქვეყნების მომავლისათვის, ასევე რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით.
პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ცვლის მომავალს და უკეთესი მომავალი, მეტი შესაძლებლობა და კეთილდღეობა მოაქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონული და გლობალური თვალსაზრისითაც.
სწორედ ამიტომ, გამორჩეული პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვს, ერთგული დამოკიდებულება იმ ენერგო და სატრანსპორტო პროექტების მიმართ, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ, არის უკეთესი მომავლის მომტანი მილიონობით ადამიანისთვის რეგიონსა თუ მსოფლიოში.
მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ დიდი პროექტი, არ არის მხოლოდ ნავთობისა და ენერგიის ტრანსპორტიორი სახელმწიფო – ეს არის მნიშვნელოვანი კულტურული, სამეცნიერო და პირადი კონტაქტების ქვეყანა.
ჩვენ  თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გვაქვს და პარტნიორულ ურთიერთობებს კვლავაც ვავითარებთ პოლიტიკის სფეროში; როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ვავითარებთ ხალხთაშორის კავშირს, ვაღრმავებთ თანამშლომლობას კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში.
ეს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სწორედ ეს ურთიერთობა ამდიდრებს ჩვენი ქვეყნების საზოგადოებასა და ჩვენს ერებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს  ტერიტორიული მთლიანობის მხრივ და მჯერა, რომ ჩვენ არჩეული გვაქვს ყველაზე სწორი გზა ამ პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ჩვენ ავიღეთ ყველაზე სწორი მიმართულება ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
ეს არის ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა და აღმშენებლობა მნიშვნელოვანი ორმხრივი პროექტების განხორციელების გზით.
ჩვენ მოუთმენლად ველით მაღალი დონის საპასუხო ვიზიტებს ჩვენს ქვეყნებს შორის და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში.
ჩვენ ასევე ველით საქართველოს ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებთან დაკავშირებული პროექტების განვითარებას, რადგან ჩვენ ამ შემთხვევაშიც გვაქვს პარტნიორობის განმტკიცების განსაკუთრებული შესაძლებლობები.
დღეს მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ვაპირებ შევხვდე ჩვენს თანამემამულე აზერბაიჯანელებს ნოვზურ ბაირამზე და მათთან ერთად ვიზეიმო ეს დღე.
ჩვენ ამ მიმართულებითაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და ეს ორმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებულ შესაძლებლობას გვაძლევს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები