ილჰამ ალიევი: ჩვენი ურთიერთობა არის ურთიერთობა ძმებს შორის

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის ერთმანეთის მხარდამჭერები არიან. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ბაქოში, ზაგულბას სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ, გიორიგ მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ევროპასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის მხარდამჭერები ვართ. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.  საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტთან ეკონომიკური ტანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„დღეს განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და ვფიქრობთ, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისათვის.
ასევე, შესანიშნავი შესაძლებელობა გვაქვს ორმხრივი ინვესტირების სფეროში და უფრო დეტალურად ვსწავლობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ ინვესტირება ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტრანსპორტირებისა და წარმოების სფეროებში.
რა თქმა უნდა, დღეს ასევე განვიხილეთ ის ორმხრივი პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან.
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი ისტორია გვაქვს და ნავთობისა და გაზის მთავარი  საექსპორტო გაზსადენები აზერბაიჯანიდან სწორედ საქართველოს  ტერიტორიაზე გადის.
წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იყო და, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სამომავლო გეგმები ენერგეტიკის დივერსიფიცირების თვალსაზრისით.
როგორც იცით, გასულ დეკემბერს ბაქოში ხელი მოეწერა 21-ე საუკუნის ხელშეკრულებას, რომელიც უდიდესი ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტია ევროპის მასშტაბით. ამ პროექტში 45 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და საქართველო და აზერბაიჯანი, ისევე როგორც სხვა პარტნიორები და მეგობრები, აქტიურად ჩაებმებიან ამ ისტორიული პროექტის განხორციელების საქმეში”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ორმხრივ თანამშრომლობაში ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფერო. როგორც ალიევმა განაცხადა შეხვედრაზე ასევე განიხილეს  თანამშრომლობის საკითხები ჰუმანიტარულ სფეროში.
„ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფერო. ამ დარგშიც ძალზე მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს, რომლებიც აერთიანებს და აკავშირებს როგორც რეგიონს, ისე კონტინენტებს.
ამას გარდა განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები ჰუმანიტარულ სფეროში, ხალხთა შორის კონტაქტები.
ძალზე მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხვალ აზერბაიჯანის რეგიონებს ეწვევა და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებს შეხვდება.
რამდენიმე წლის წინათ მეც შევხვდი მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს. ასეთი შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირის განმტკიცებისთვის, რადგან აზერბაიჯანის ქართველობა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ჩვენი მნიშვნელოვანი ნაწილია და, რა თქმა უნდა, მათი ცხოვრება, მათი აქტივობები უმნიშვნელოვანესია ორმხრივ ურთიერთობაში.
მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ქართველები და აზერბაიჯანელები მუდმივად ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და მეგობრულად.
დღეს ჩვენი ურთიერთობა არის ურთიერთობა ძმებს შორის, მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – განაცხადა ალიევმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები