სალომე ქურასბედიანმა ვენაში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა, ვენაში გამართულ ენერგეტიკული გაერთიანების ( Energy Community) საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, პლენუმის ფარგლებში იმსჯელეს ხელშემკვრელი მხარეების მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დეკარბონიზაციის გზამკვლევის შესრულების მნიშვნელობაზე, დეტალურად განიხილეს ნახშირბადის საზღვრის რეგულირების მექანიზმი (CBAM ) და მისი შესაძლო გავლენა გაერთიანების წევრ ქვეყნებზე.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული მექანიზმი მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში იმპორტირებულ საქონელზე ნახშირბადის ფასების დაწესებას ითვალისწინებს და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დროული და შესაბამისი ადაპტაცია ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების მხრიდან, რათა საფრთხის წინაშე არ დადგეს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია.

ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მიზანს წარმოადგენს ფუნქციონალური ენერგეტიკული ბაზრის ხელშეწყობა ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მინისტრთა საბჭოს შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ ენერგეტიკის მდგრად განვითარებასა და მომავალი რეფორმების პოტენციურ სოციალურ ზეგავლენაზე.

პლენუმში მონაწილეობდნენ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები