„კარლ ბილდტის კორუფციაში დადანაშაულება ბოდვაა“

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტთან დაკავშირებით კორუფციული გარიგებების თემას „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელი გელა ვასაძე გამოეხმაურა. როგორც ვასაძემ „კვირას“ პრესკლუბში საუბრისას განაცხადა, ბილდტი, როგორც საჯარო მოხელე, არ შეიძლება ბიზნესსაქმიანობას ეწეოდეს. შესაბამისად, კორუფციულ სქემებში დადანაშაულება სრული უაზრობაა.
„კარლ ბილდტს, როგორც საჯარო პირს, ეკრძალება ბიზნესსაქმიანობა. ამიტომ პიარკამპანიასთან ბილდტის კავშირი არის ბოდვა. როგორც პრეზიდენტ ბარაკ ობამას არ შეიძლება ჰქონდეს კორპორაცია, იგივეა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბილდტთან მიმართებაშიც“,- განაცხადა გელა ვასაძემ.
შეგახსენებთ, რომ შვედურმა მედიამ გაავრცელა საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი თბილისიდან ვადაზე ადრე გაწვევა კარლ ბილდტის უკმაყოფილებით იყო გამოწვეული. კერძოდ, ელჩის განმარტებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ მან უწყებას მიაწოდა დასკვნა საქართველოში 2008 წელს არჩევნების არცთუ დემოკრატიულად ჩატარების შესახებ. ელჩის კრიტიკული დასკვნა კი ეწინააღდმეგებოდა კარლ ბილდტის განცხადებებს, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ, რაც მისი გაწვევის მიზეზი გახდა. ასევე გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, კარლ ბილდტმა სააკაშვილის მთავრობა PR-სააგენტო Kreab-ის კლიენტი გახადა, რის შემდეგაც იგი პოლიტიკურად მხარს უჭერდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ერთი წლის განმავლობაში რეჟიმმა კომპანია Kreab-ს ჯამში 20 მილიონი კრონი გადაურიცხა. Kreab-მა სააკაშვილის მთავრობასთან კონტრაქტი 2006 წელს გააფორმა. კლიენტის მოძებნაზე კი პასუხისმგებელი Kreab-ის მაშინდელი თავმჯდომარე კარლ ბილდტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები