მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ეფექტიანად შევასრულოთ რეკომენდაციები
“ჩვენთვის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ეფექტიანად შევასრულოთ რეკომენდაციები, რაც ბრიუსელიდან მოდის და ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართული იყოს ყველა პოლიტიკოსი, თუ ყველა უწყება, რომელიც დაინტერესებულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ თავად უნდა გადაწყვიტოს, უნდათ თუ არა, იყვნენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მონაწილეები.
„სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის მიერ სხვადასხვა უწყებასთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა, დამტკიცებულია. ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინოთ ევროკომისიის პოზიციაც, მათთან გეგმასთან დაკავშირებით გვქონდეს კონსულტაციები, რამდენად სწორად არის განსაზღვრული ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ ცხრა ნაბიჯის, ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად. შემდეგ მის განხორციელებას და ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ, რაც დაუკავშირდება ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ეფექტიანად შევასრულოთ რეკომენდაციები, რომლებიც ბრიუსელიდან მოდის და ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართული იყოს ყველა პოლიტიკოსი, თუ ყველა უწყება, რომელიც დაინტერესებულია და საჭიროა, რომ იყოს ჩართული. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას, ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. თავად უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა, იყვნენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მონაწილეები. სამწუხაროდ, ამ დრომდე რა ქმედებებიც ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან ვნახეთ, ძალიან აცდენილია მათ გაცხადებულ პოლიტიკურ ნებას, თითქოს მათ სურთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. აბსოლუტურად სხვაზე მეტყველებდა ამ ხნის განმავლობაში მათი ქმედებები. პირიქით, მათი ქმედებები მიმართული იყო ამ პროცესის დასაზიანებლად. რას იზამენ ახლა, ესეც მათი გადასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს პარლამენტში არსებობს საკმარისი ადამიანი, ვისაც სურს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი სწრაფად წარიმართოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.