დავით მათიკაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: პოლიტიკური არსებობის დიდი დრო არ აქვს დარჩენილი
“რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ჰქვია, პოლიტიკური არსებობის დიდი დრო არ აქვს დარჩენილი. რაც დღეს ამ პარტიაში ტრიალებს, არის კიდევ ერთი პირდაპირი მანიშნებელი, მოცემულობა იმ უბედურების, რაც საკუთარ თავს დამართეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე “ნაცმოძრაობა” იარსებებს, როგორც ოპოზიციური ძალა, ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია არ ეღირსება.
„რაც ამ პარტიის შიგნით ხდება, საბოლოოდ, არა მარტო პარტიის დაშლით, არამედ ძალიან დიდი ალბათობით, პოლიტიკური ერთეულის გაქრობითაც დასრულდება. ერთმანეთში აქვთ სრული შეუთანხმებლობა და ყველა მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე ფიქრობს ეს პოლიტიკური ძალა. ეს რეალობაა, რომელსაც საზოგადოება აკვირდება. ვის აწყობს და ვის არა, ეს ცალკე საკითხია. ეს ქართულ საზოგადოებას უნდა აწყობდეს, რადგან ნაცვლად სრულიად დესტრუქციული და ამორტიზებული პოლიტიკური ძალისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ქვეყანამ ჯანსაღი ოპოზიცია უნდა მიიღოს. ვიდრე ეს პოლიტიკური პარტია იარსებებს, როგორც ოპოზიციური ძალა, ცხადია, ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია არ ეღირსება. ამიტომ, პოზიტიურია ის პროცესები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.