არჩილ თალაკვაძე – ISFED-ის შეფასებაზე: ეს შეიძლება, შეფასდეს, როგორც შეტევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის ადმინისტრირებაზე
,,კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასა და საქართველოში დანერგილი ელექტრონული აპარატების შესახებ ISFED-ის ანგარიში შეიძლება, შეფასდეს, როგორც შეტევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის ადმინისტრირებაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, შესაძლოა, ეს ცესკოსა და ელექტრონული სისტემის წინააღმდეგ მიმართული „შავი კამპანიის“ ნაწილი იყოს.
„არაფერი უნდოდა იმის გარკვევას, რომ მოქალაქე, რომელიც პირადობის მოწმობით მიდის ერთ საარჩევნო უბანზე, ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ მანქანაში, სიაში მისი სახელი და გვარი, პირადი ნომერი არის დარეგისტრირებული, თუ მეორეჯერ მოდის ამ უბანზე და იმავე პირადობის მოწმობას აჩვენებს, ელექტრონული მანქანა მას არ აძლევს ხმის მიცემის საშუალებას. თუ სხვა უბანზე მიდის, მას შემდეგ რაც ერთ უბანზე მისცა ხმა, ხელმეორედ სხვა უბანზე ხმის მიცემის საშუალებასაც ელექტრონული მანქანა არ იძლევა, რადგან სხვა უბანზე მისი სახელი და გვარი არ არის რეგისტრირებული.
ამის გარკვევა იყო უმარტივესი, სანამ ანგარიშს, ასეთი ტიპის დეზინფორმაციას გამოაქვეყნებ. რა თქმა უნდა, ავტორიტეტული ორგანიზაცია უნდა ამოწმებდეს ამ ნიუანსებს. შეიძლება, საქმე გაცილებით უარესთან გვაქვს – როცა მათ ეს გადამოწმებული აქვთ, იციან კიდეც, მაგრამ შეგნებულად აგრძელებენ დეზინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს იმ „შავი კამპანიის“ ნაწილი, რომელსაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში ცესკოს და ელექტრონული სისტემის წინააღმდეგ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ინფორმაციისთვის, ISFED- მა კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე და საქართველოში დანერგილი ელექტრონული აპარატების შეფასება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმებას ბიომეტრიული მონაცემებით არ ახდენს, რაც მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას კვლავ ტოვებს. ISFED- ის თანახმად, არსებულ აპარატებზე თითის ანაბეჭდით ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ფუნქციის დამატება შესაძლებელია, შესაბამისად, საჭიროა, დაიწყოს მის დანერგვაზე მუშაობა.