სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიში მოისმინა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიში მოისმინა.
პარლამენტის ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების 2021 წლის კონსოლიდირებულ (ნაერთ) ფინანსურ ანგარიშგებაში საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტის ანგარიში” სხდომაზე საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა წარადგინა.
წარმოდგენილი დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების – სახაზინო სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის ანგარიშს მოიცავდა. მომხსენებელმა აღნიშნული ობიექტების შემოწმებისას გამოკვეთილი მიგნებებისა და გაცემული რეკომენდაციების თაობაზე ისაუბრა.
შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები მისაღებია, რომელსაც 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მომზადების დროს გაითვალისწინებენ.