არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავისტკივილად და ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელიას გულისტკივილად
“გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ჯერ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავისტკივილად და ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელიას გულისტკივილად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას”, სინამდვილეში, თავმჯდომარე არ ჰყავს.
„ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებს დაშლილი და დასუსტებული შეხვდება, რაც ლოგიკური შედეგია, რაც დათესეს, იმას იმკიან. სინამდვილეში, ამ პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავს. მათი ყოფილი ლიდერი, რომელიც დღეს პატიმრობაშია, ყველაფერს აკეთებს, რომ პარტიის შიგნით ბრძოლა იყოს და ვერავინ შეძლოს ლიდერობის მოპოვება. სწორედ ამ ხერხით ცდილობს, შეინარჩუნოს ლიდერობა და მითი, რომ თავად არის პარტიის უცვლელი ლიდერი. ამაზე მეტყველებს ყველა განცხადება და მოქმედება, რომელიც სააკაშვილსა და თავის გარემოცვას აქვთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.