მიხეილ სარჯველაძე – ლევან ხაბეიშვილზე: შთამბეჭდავი სცენა იყო, არ ვიცი, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე რამდენად შეიძლება
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ “ფორმულას” ეთერში არაოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს გამოეხმაურა.
„შთამბეჭდავი სცენა იყო, არ ვიცი, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე რამდენად შეიძლება, ეს ყველაფერი ემსგავსება თამაშს და ეს არასერიოზული დამოკიდებულება მაინც და მაინც კარგი სანახავი არ არის, რადგან საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც ჰქონდა მსხვილი ამბიციები, გასაგებია, ახლა რა მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ლიდერის ასეთი ამჩატებული დამოკიდებულება საკითხებისადმი, არ გამოიყურება კარგად. ამ პოლიტიკურ პარტიაში არამც თუ წერტილის დასმა არ გამოიწვია ამან, არამედ ახალი მწვავე კონფლიქტების საფუძველი გახდა, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან უკვე გამოიხატა განცხადებებში. პოლიტიკური მარცხი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა, გრძელდება და ვფიქრობ, მალე ამ პოლიტიკური პარტიის სრული აღსასრულით დასრულდება, ასეთი პირი უჩანს,“ – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.