ბექა ლილუაშვილი: მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე – თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?!
“მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე – თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?! – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლილუაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას “ნაცმოძრაობასთან” გარკვეული შეთანხმება აქვს.
“მივმართავთ “ოცნების” ბოსებს, გაგვაგებინონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, საერთოდ, მოგვაწოდონ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმრო დაწესებულებაში?! მთელი ქვეყანა ხედავს, როგორ ნებადართულ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს სააკაშვილი სასამართლოების საფარქვეშ. გარდა ამისა, არავის უკვირს რეკლამირება, რასაც სააკაშვილს უწევს კობახიძე, მდინარაძე. გაგვაგებინონ, რა ფორმატი აქვთ თანამშრომლობის და რას ითვალისწინებს ეს ფორმატი დამატებით, გარდა ბიზნესში და პოლიტიკაში არაერთგზის თანამშრომლობისა, გვითხრან რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება “ნაცმოძრაობასთან”, სააკაშვილთან მიმართებით. არ გამიკვირდება ახალი წელი მიულოცოს ამ ადამიანმა მოქალაქეებს პირდაპირი ეთერით საავადმყოფოდან, ამის ნებაც მისცენ და არც ის გამიკვირდება, რომ 2024 წლის არჩევნების შიშმა “ქოცებს” გამოაშვებინოს ეს კაცი ციხიდან. გვითხრან რას ითვალისწინებს კიდევ მათი თანამშრომლობა კეზერაშვილთან “ქოლ -ცენტრების” საქმეში, პარლამენტში თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში. გასაგებია, ერთად ფულის კეთება მათ უყვართ და აგვიხსნან, კოჰაბიტაციის პიკში ეს ითვალისწინებს თუ არა სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას მომავალში”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.