დავით ნარმანიამ ესტონეთის მერი „თბილისობის დღესასწაულზე“ მოიწვია

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პრიიტ ტურკს შეხვდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ელჩმა დავით ნარმანიას მერად არჩევა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა პროექტის განხორციელების იმედი გამოთქვა, მათ შორის ტურიზმის, საგანმანათლებლო და მუნიციპალური სერვისების სფეროში.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ესტონეთის მიმართ ინტერესი უფრო მეტად გაიზარდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების განვითარება, ასევე გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერის წინასაარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი დედაქალაქის მწვანე ქალაქად და მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევაა, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს როგორც ესტონეთიდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
„ესტონეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა გზით უნდა იაროს საქართველომ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ურთიერთსასარგებლო საქმის გაკეთებას შევძლებთ, განსაკუთრებით დედაქალაქებს შორის მუნიციპალური სერვისების მენეჯმენტის და სტანდარტების შემუშავების კუთხით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. დავით ნარმანიამ ესტონეთის დედაქალაქის მერი ოქტომბრის ბოლოს, „თბილისობის დღესასწაულზე“ მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები