საპარლამენტო დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთში შეხვედრები გამართა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან ქარუმიძესთან და კომიტეტის წევრ სალომე ქურასბედიანთან ერთად, ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხრისტო გაჯევს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ევროპაში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას და, ამ კუთხით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.
სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ასევე ბულგარეთის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელენა შეკერლეტოვასა და ბულგარეთის პრემიერმინისტრის მრჩეველთან ევროკავშირის საკითხებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ეკატერინა დიმიტრუშევასთან.
ბულგარეთის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.