ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილზე: მინიმუმ, განცხადება მაინც გააკეთოს, ეთანხმება თუ არა, რომ ის ხელმძღვანელობდა „ეფესბეს“ დირექტივებით მართულ პროტესტს
მინიმუმ, განცხადება მაინც გააკეთოს, ეთანხმება თუ არა, რომ ის ხელმძღვანელობდა „ეფესბეს“ დირექტივებით მართულ პროტესტს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას აღნიშნა.
კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უნდა გამოეხმაუროს.
„მინიმუმ, განცხადება მაინც გააკეთოს, ეთანხმება თუ არა, რომ ის ხელმძღვანელობდა „ეფესბეს“ დირექტივებით მართულ პროტესტს. ანუ, მინიმუმ განმარტება ხომ უნდა გაკეთდეს მისი მხრიდან, დანარჩენი პროცესი როგორ წავა არ ვიცი, მაგრამ ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს დააბრალა, რომ ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი პროტესტისა, რომელიც თითქოს, წარმართული იყო „ეფესბეს“ მიერ.
სააკაშვილს სჩვევია – ნებისმიერი ტყუილი შეუძლია თქვას, მაგრამ საზოგადოებისთვის ზოგადად, მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ კაცს არც ერთი ტყუილი არ გაუტარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.