ბაია კვიციანმა შვედეთის სამეფოში, განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეხვედრები გამართა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანი, შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრედრიკ მალმს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ორ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და პრიორიტეტული მიმართულებები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე და მოსწავლეთა სოციო-ემოციურ მხარდაჭერაზე. ამ კუთხით, განიხილეს კომიტეტში ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე თემატური მოკვლევა.
ბაია კვიციანის განცხადებით, შვედეთში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული მოკვლევის ეფექტიანად წარმართვაში, საჭიროებებზე მორგებული ანგარიშისა და რეკომენდაციების შემუშავებაში.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, სახელმძღვანელოების გამოყენების პრაქტიკასა და ციფრული რესურსების გავლენას, სწავლების პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა გაძლიერების პროცესში განათლების როლზე.
შვედეთის პარლამენტში ვიზიტისას, ბაია კვიციანმა შეხვედრა გამართა შვედეთის განათლებისა და კვლევების მინისტრთან მატს პერსონსთან.
მხარეებმა განათლების ყველა საფეხურზე თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.