ბაჩო დოლიძე: ბეჟაშვილისგან იყო აღიარებითი ჩვენება, რომ მასკარადი ემსახურებოდა არა გამთლიანებას, არამედ კონკრეტული ადამიანების ჩამოშორებას, ამას მალე წერტილი დაესმება
მანიფესტი, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი, რეალურად, კონკრეტული ადამიანების პარტიიდან ჩამოშორებას ემსახურებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის წევრებს თავმჯდომარე “მგლის ბილეთების“ დარიგებით ესაუბრება.
„რისი გამრიცხველი არიან, პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ. პარტიის თავმჯდომარე „მგლის ბილეთების“ დარიგებით გვესაუბრება, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა გუშინ აღიარა, რეალურად რა მიზანსაც ემსახურებოდა მანიფესტი, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი, თითქოს, გამამთლიანებელი უნდა ყოფილიყო, ეს პირდაპირ ითქვა. ემსახურებოდა გახლეჩის მიზანს, კონკრეტული ადამიანების პარტიიდან ჩამოშორებას. შესაბამისად, „მგლის ბილეთებზე“, ბილეთების დარიგებაზე საუბარი ვისგანაც მოდის, მათ ადეკვატური პასუხი გაეცემათ, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება, დაგველოდონ. ათიათასობით ადამიანზეა საუბარი, რომლებსაც, თავიანთი ჭკუით, ამ „მგლის ბილეთს“ ურიგებენ. შესაბამისად, ღირსეული, პრინციპული ადამიანების პასუხი იქნება. გუშინ ბეჟაშვილის მხრიდან აღიარებითი ჩვენება იყო, რომ მთელი მასკარადი, რომელიც მათ მოაწყვეს, ემსახურებოდა არა პარტიის გამთლიანებას, არამედ კონკრეტული ადამიანების ჩამოშორებას. ჩვენი მხრიდან ამას ძალიან მალე დაესმება წერტილი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა: „პარტიის წინააღმდეგ კამპანიის მთავარი სუბიექტი იყო ნიკა მელია, პირველ ყოვლისა, ნიკა მელიას ეხება მანიფესტი, მელია თუ მოაწერდა ხელს, ყველა სხვა ადამიანიც მოიაზრებოდა ამ ხელმოწერაში“.