ევროპარლამენტარი: თამაზ გინტურის შემზარავი მკვლელობა, ისევე – როგორც საქართველოს მოქალაქეების გატაცება, არაკანონიერი დაკავება, არის რუსეთის საოკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობა

თამაზ გინტურის შემზარავი მკვლელობა, ისევე – როგორც საქართველოს მოქალაქეების გატაცება, არაკანონიერი დაკავება, წამება, არის რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის სესიაზე ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარების ტექსტი მათი მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის გამოვლინებაა.

„ჩვენი ძლიერი ტექსტი ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ მხარდაჭერის გამოვლინებაა. მე ფუნდამენტურად ვგმობ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს შემზარავი მკვლელობა, ისევე – როგორც საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობის ყველა შემთხვევა, მოქალაქეების გატაცება, არაკანონიერი დაკავება, წამება, არის რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ეს არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. სწორედ ამიტომ, ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, მათ შორის, სანქციებით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია.

ჩვენ ვართ საქართველოს გვერდით, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთის, მათი მარიონეტების ყველა მცდელობას, ხელი შეუშალოს ამ მიზნების მიღწევას“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტარები მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, ასევე უსამძიმრებს საქართველოს ყველა მოკლული მოქალაქის ოჯახს, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას, მოითხოვს პასუხისმგებელ პირთა დასჯას და პასუხისგებაში მიცემას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები