გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს განსახილველად წარუდგინა პროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, დამატებით 2 წლით გახანგრძლივდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის და სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის ვადა და ბაზარზე შენარჩუნდება არსებული მდგომარეობა. ასევე 2 წლით გახანგრძლივდება რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და ამ საფასურის გადახდის წესის დამტკიცების ვადა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღებით, ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას შესაძლებლობა მიეცემა, დამატებით ორი წლის განმავლობაში განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები, რის შემდეგაც კანონპროექტით დადგენილ ვადაში დაამტკიცებს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის და სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფებს ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. კომპანიას კი ეს  შესაძლებლობას მისცემს შეაგროვოს მონაცემები და გააანალიზოს ის დამტკიცებული მეთოდოლოგიის და წესების შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, კომპანია შეძლებს, ეროვნულ კომისიას მიმართოს რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული სატარიფო განაცხადით.

კომიტეტის სხდომაზე ნინო თანდილაშვილმა ასევე წარადგინა მთავრობის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, „ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „ვაზისა და ღვინის შესახებ”  კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად , 2024 წლის 2 იანვრიდან ეტიკეტზე, ბრენდის შემთხვევაში, მიეთითება აღნიშვნა „ქართული ბრენდი”, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს. ხოლო ამ ნორმის ამოქმედებამდე, ნებადართულია ეტიკეტზე მიეთითოს „ქართული ბრენდი”, თუ ბრენდის არანაკლებ 50% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის გამოყენებითაა წარმოებული.

მისივე თქმით, კერძო სექტორმა კოლექტიური განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ აღნიშნული რეგულაცია კიდევ უფრო მეტად ზრდის საბოლოო პროდუქტის – ბრენდის თვითღირებულებას, რაც საბოლოო შედეგად ამცირებს ქართული ბრენდის მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ კერძო სექტორის ინიციატივით ხდება აღნიშნული მუხლის ამოქმედების გადავადება. ასევე, მათ ინიციატივას წარმოადგენს წინამდებარე ცვლილების ამოქმედებამდე „ქართული ბრენდის” საწარმოებლად გამოსაყენებელი საქართველოში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებული სპირტის პროცენტული მაჩვენებლის ყოველწლიურად 5% -ით ზრდა, რაც საშუალებას მისცემს კერძო სექტორს დაბალანსებულად, ეტაპობრივად განახორციელონ რეფორმა. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ მითითებული მიზნების მიღწევას და არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.

სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა განსახილველად წარადგინა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი.  

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით მარტივდება გადასახადების ადმინისტრირება, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ) დღეს მოქმედი ნორმები შესაბამისობაში მოდის „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურის 2022 წლის რედაქციასთან. ამასთანავე, აღმოიფხვრება რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ხარვეზები და გარკვეული დებულებები შესაბამისობაში მოვა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონთან. 

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე წარადგინა კანონპროექტები „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

მისი განმარტებით, ცვლილების მიღებით საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული საკითხები აღარ იქნება რეგულირებული „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონით და საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხები სრულად იქნება გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსით.

კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.