თეირანი არ აპირებს, ისრაელთან პირდაპირ ომში შევიდეს.
ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ნოემბრის დასაწყისში “ჰამასის” ლიდერს ისმაილ ჰანიეს უთხრა, – იტყობინება Reuters-ი ირანელ და “ჰამასის” რამდენიმე მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, ხამენეიმ ჰანიე დაარწმუნა, რომ ირანი გააგრძელებს “ჰამასის” პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას უშუალო ჩარევის გარეშე.
ამავდროულად, ირანელმა სულიერმა ლიდერმა ჰანიესგან მოითხოვა, „გაეჩუმებინა“ ისინი, ვინც საჯაროდ მოუწოდებს ირანს და “ჰეზბოლას”, ისრაელთან სრულმასშტაბიან ბრძოლაში შევიდნენ.
“ჰეზბოლასთან” დაახლოებული, Reuters-ის სამი წყაროს თანახმად, “ჰამასის” 7 ოქტომბრის სისხლიანმა თავდასხმამ დაჯგუფებაში გაკვირვება გამოიწვია, მათ ვერ მოასწრეს საზღვრისპირა სოფლებში ბოევიკების მზადყოფნაში მოყვანა.