თბილისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები საკრებულოს უმრავლესობას მიმართავენ

თბილისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები საკრებულოს ,,ქართული ოცნების” უმრავლესობას მოუწოდებენ, ნუ იქნებიან ცენტრალური ხელისუფლების დანამატი, იზრუნონ თბილისისა და თბილისელების ინტერესებზე და არავის მისცენ უფლება, გაანიავოს თბილისის ქონება. თბილისის საკრებულო დღეს ფრაქციების – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თბილისი” განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” საკრებულოსგან მოითხოვს, ინვესტორებზე გასხვისების მიზნით სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს დ. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 3 მიწის ნაკვეთი, ასევე -მუხიანის დასახლებაში მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთი. „ნაციონალი“ დეპუტატების განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის საკრებულოში შემოვიდა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” წერილები, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული უწყება მოითხოვს სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს შემდეგი ქონება შემდგომში მათი ინვესტორებზე გასხვისების მიზნით: დ. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 3 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 722 კვ.მ; მუხიანის დასახლებაში მდებარე საწარმოო გაერთიანება ,,ორიონის” ტერიტორიაზე არსებული 4 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 176 279 კვ.მ; სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” განმარტებით. ისინი აპირებენ, სამომავლოდ ინვესტიციის განხორციელების პირობით, ეს ნაკვეთები პირდაპირი განკარგვის წესით გადასცენ ინვესტორს საკუთრებაში. პირდაპირი განკარგვის შესაძლებლობას კი მოქმედი თვითმმართველობის კოდექსი ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს არ აძლევს. იმ პირობებში, როდესაც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ,,აღმოაჩინა”, რომ ,,ქართული ოცნების“ მიერ შედგენილი თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი დეფიციტურია და მან მიიღო იოლი გადაწყვეტილება, კომერციული ბანკიდან აიღოს 30 მილიონი ძვირი სესხი, ეკონომიკის სამინისტროსთვის ქალაქის ქონების (რომელიც სწორედ ადგილობრი ბიუჯეტში შემოსავლი წყაროდ უნდა იყოს გამოყენებული), რომლის ჯამური მინიმალური საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3 500 000 ლარია, უსასყიდლოდ გადაცემა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ თბილისის მერი მხოლოდამხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების კაპრიზების შემსრულებელია და მას თვითმმართველობის ინტერესების დაცვა არ შეუძლია. ამ თვალსაზრისით ასევე საინტერესოა თვითმმართველობის კოდექსის სერიოზული ხარვეზი, რომლის ავტორობითაც თავს დავით ნარმანია იწონებს. თვითმმართველი ერთეულისთვის ქონების პირდაპირი წესით განკარგვის უფლების შეზღუდვა (როდესაც ასეთი უფლებით ცენტრალური ხელისუფლება სარგებლობს) მნიშვნელოვნად ზღუდავს თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას მართოს მის საკუთრებაში არსებული ქონება.
საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორც წესი, სწორედ ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გასხვისების გზით ხდება და ამ უფლების თვითმმართველი ერთეულებისთვის ჩამორთმევით ფაქტობრივად ბიუჯეტის შევსების ეს მნიშვნელოვანი წყარო გაუქმდა. ნათელია, რომ ვერც კოდექსის დაწერისას და ვერც მერის თანამდებობაზე ყოფნისას, თბილისის მერი და მისი მთავრობა ვერ ახერხებს ადგილობრივ საქმეებზე დამოუკიდებლად ზრუნვას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში საეჭვოა თუნდაც რამდენად ზრუნავს სახელმწიფო რეალური ინვესტორისთვის ხელის შეწყობაზე. კერძოდ, მუხიანის დასახლებაში მდებარე საწარმოო გაერთიანება ,,ორიონის” ტერიტორიაზე არსებული 4 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 176 279 კვ.მ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (2014 წლის 26 ივნისის #1169 განკარგულება) უნდა გადაეცეს საკუთრებაში შპს ,,ა.ს. ჯგუფი 1990″-ს, რომლის დამფუძნებელი არის ავთანდილ საყვარელიძე.
გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს პიროვნება 2014 წლის იანვრიდან ცდილობს ფაქტობრივად უფასოდ ხელში ჩაიგდოს ეს ქონება, როდესაც საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარესთან, ირაკლი შიხიაშვილთან შეთანხმებით, ის აპირებდა თითქოს ქართული წარმოების ავტობუსების გამოშვებას. სწორედ ამ უტოპიურ იდეას შეეწირა ასი ახალი ევროპული ტიპის ავტობუსის თბილისში შემოყვანის პროექტი, რის განხორციელებასაც თითქმის ერთი წლის დაგვიანებით ახლა პირდება თბილისის მთავრობა მოსახლეობას. საინტერესოა, რომ ამ ქონების გადაცემას ეკონომიკის სამინისტრო ითხოვდა 2014 წლის იანვარშიც და თბილისის მთავრობისგან მიღებული პასუხის შემდგომ, რომ ინვესტორი დაეკავშირებინათ თბილისის მთავრობასთან და ჩვენ თვითონ მივიღებდით გადაწყვეტილებას ქონების გადაცემის შესახებ, მოჰყვა ეკონომიკის სამინისტროს 8 თვიანი დუმილი (რაც გაუგებარია, თუკი რეალურად ამ კომპანიას ინვესტიციის განხორციელების სურვილი ჰქოდა) და ახლა, დავით ნარმანიას მერად გახდომისა და კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ კვლავ ითხოვენ ამ ქონების გადაცემას. როგორც ჩანს, ავთანდილ საყვარელიძეს საქართველოს მთავრობაში გამოუჩნდა ,,მფარველი” და ამ ქონების ფაქტიურად უფასოდ დაუფლების გზაზე მხოლოდ საკრებულოს ფორმალური თანხმობაა საჭირო.
მოვუწოდებთ საკრებულოს ,,ქართული ოცნების” უმრავლესობას, ნუ იქნებიან ცენტრალური ხელისუფლების დანამატი, იზრუნონ თბილისისა და თბილისელების ინტერესებზე და არავის მისცენ უფლება, გაანიავოს თბილისის ქონება. ამასთან, რეალური ინვესტორის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა უწყება უნდა ზრუნავდეს მათთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე და ამ თვალსაზრისით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაჩქარებული წესით შეიტანონ ცვლილება თვითმმართველობის კოდექსში, რაც მოგვცემს საშუალებას, დაცული იყოს ადგილობრივი ბიუჯეტი და, ამავე დროს, პრობლემები არ შეექმნას ინვესტიციის განხორციელებას ქვეყანაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები