ირაკლი ალასანიას ოჯახის იაკუძამ ტანსაცმლის კარადას კარი მოაძრო და სამზარეულოს ვიტრინა ჩამოხსნა
ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და ქალბატონის შესახებ ჰქყვება, რომელიც მას კვირაში ერთხელ საოჯახო საქმეებში ეხმარება. “კვირა“ ნათია ფანჯიკიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მადლიერების თემის გაგრძელება: ახლა მოვა ჩემი იაკუძა და გაგვაკრიალებს. იას, რომელიც კვირაში ერთხელ სახლის დალაგებაში მეხმარება, იაპონური მაფიის მრისხანე სახელი იაკუძა მივანიჭე და ახლა ყველა ასე ეძახის. ისე გულიანად იცის წმენდა, რომ ერთხელ „ტრილიაჟი“ მოგლიჯა, ტანსაცმლის კარადას კარი მოაძრო, სამზარეულოს ვიტრინაც ჩამოხსნა… ვინც ბევრი წლის წინ იაკუძა გამაცნო, ვკითხე, შენთანაც ასე ებრძვის მტვერს-თქო? მიპასუხა, გუშინ “რაკოვინა” გაუტყდა და რომ ვკითხე, რანაირად მოახერხე-თქო, თავადაც გაოცებული იყო, – “ბუბკა” მოვუსვი და გატყდაო”… ერთხელ მესმის ფანჯრის მსხვრევის და გრუხუნის ხმა. გულგახეთქილი წამოვხტი და გავრბივარ, თან ვფიქრობ, მოვკლავ ამ გოგოს, თუ გაბედა და ჩემი ფანჯრიდან გადავარდა და რამე დაემართა და მთელი ცხოვრება უნდა გამიმწარდეს-თქო და მივქრივარ “მკვდრის” მოსაკლავად, არც კი მეცოდება, ისე მეცოდება ჩემი თავი….. და რას ვხედავ, უშუშო ფანჯარაზე ფრჩხილებითაა ჩაფრენილი და კონწიალობს. ჩამოვხსენი და ჩავეხუტე ჩემს უძვირფასეს იაკუძას. ეს ადრე იყო, ახლა ისეთი განაზებულია, არათუ არაფერი არ უტყდება, ჩემს დალეწილს ამთელებს. იაკუძა ესთეტია. ყოველთვის ლამაზად აცვია, ქუჩქუჩა თმა აქვს, კონწიალა საყურეები უკეთია და წინსაფრების ულამაზესი კოლექცია აქვს. სულ ქათქათებს, საპნის და სისუფთავის სურნელი ასდის. ძალიან უყვარს ყვავილები. თვითონაც სილამაზეში ცხოვრობს და ჩემთვისაც თითქმის ყოველ მოსვლაზე მოაქვს გაფესვიანებული ფოთოლი. გახარებული თან ვრგავ და თან ვიძიებ, რა ფერის ყვავილი დაიბადება ამ ფოთლიდან. იაკუძასთვის ფერების სახელებს, ხო, აი ასეთ პირობითობას სულ არა აქვს მნიშვნელობა და თუ ვერ გაიხსენა ლურჯს რომ ლურჯი ჰქვია, ეს, საერთოდ, არ უშლის ხელს სილამაზის აღქმაში, მაგრამ რადგან არ ვასვენებ, – “ჭრელი”- მპასუხობს. გადის დრო და იშლება მკაფიოდ ყვითელი, წითელი ან სხვა ფერის ყვავილი. ხუმრობით მეტ სიყვარულს გამოვხატავ, მაგრამ სერიოზულად, ეს არის უერთგულესი დედა, კეთილი და ჭკვიანი ადამიანი, მუდმივად ჯანსაღ, კარგ განწყობაზე მყოფი, მიუხედავად უამრავი პრობლემისა და პასუხისმგებლობისა. მოკლედ, ჩემი იაკუძას გარეშე მე ვარ ნოლი“,-წერს ნათია ფანჯიკიძე.