გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრს ლი კეც ანს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორული ურთიერთობის განვითარების აუცილებლობასა და არსებულ პოტენციალზე, მათ შორის, სავაჭრო–ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურიზმის მიმართულებით.
ჩინეთის პრემიერ–მინისტრმა ლი კეც ანმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. საუბარი ასევე შეეხო ჩინეთის მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი აბრეშუმის გზის პროექტს. ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი აღნიშნული გლობალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტში საქართველოს აქტიური მონაწილეობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო ჩინეთის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში, რომელსაც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ზაფხულის დავოსსაც“ ეძახიან. გიორგი კვირიკაშვილმა მოხსენება გააკეთა ფორუმის ერთ-ერთი დისკუსიის დროს, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები