პრემიერი: 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს
“2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, შარშან მიღებული მნიშვნელოვანი ცვლილებებით აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამა, ასევე, 25 წლამდე მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესიდან დამატებით 400 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავს.
„აქვე მინდა, ერთი მხრივ, გაკვირვება გამოვხატო, მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. ცნობისთვის, უბრალოდ მინდა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და ასევე, 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად მილიონ 500 ათას მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა.
ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ დამატებით გადასახადები ამ ბიზნესს და როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება დამატებით ამოღებული. ჯამში, მეგობრებო, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით, როგორც მოგახსენეთ და მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი შეადგენს უკვე 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება 2024 წლის ბიუჯეტი. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე, დაახლოებით, რვა და რაღაც, თუ არ ვცდები, ანუ თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11 წელიწადში. აი ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ჩვენი გუნდის მუშაობის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.