გიორგი ამილახვარი: დღეს ვიმყოფებით თემქაზე, 138-ე საჯარო სკოლაში, რომელიც სრულად ახალია და პასუხობს ყველა თანამედროვე სტანდარტს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თბილისში ახლად აშენებული, 138-ე საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის ახალ შენობაში გაგრძელება პირადად მიულოცა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, საქართველოს მთავრობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო, ადაპტირებულ გარემოს უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის. მისი თქმით, მასშტაბური პროექტების განხორციელებით უახლოეს 2-3 წელიწადში ყველა საჯარო სკოლა საქართველოში ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

თბილისის 138-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახლად აშენებულ შენობაში წარიმართება.

მინისტრის თქმით, გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის აღმშენებლობა.

„დღეს ვიმყოფებით თემქაზე 138-ე საჯარო სკოლაში, რომელიც სრულად ახალია, ახლიდან არის აშენებული და პასუხობს ყველა თანამედროვე სტანდარტს, დაწყებული ადაპტირებული გარემოთი, ბიბლიოთეკებით, ლაბორატორიებით, სახანძრო და შრომის უსაფრთხოებით და ყველა იმ კომპონენტით, რომელიც საჭიროა თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღნიშნულ პროექტში 11 მილიონ ლარამდე დახარჯა და სწორედ ასეთი სკოლები იქნება უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ქვეყნის ყველა რეგიონსა და ქალაქში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები